
TSA: In Transmission 001
ავტორი: ანა ქორქაშვილი >>
22 აპრილი, 2026 >>
10 წუთის წასაკითხი >>
22 ნახვა
TSA: In Transmission - ივენთი, რომელმაც 2025 წლის აგვისტოს საღამოს ბერლინის Silent Green Kulturquartier-ის ჯადოსნური, მანათობელი გუმბათის ქვეშ ექვსი ქართველი არტისტი გააერთიანა.
ანუშკა ჩხეიძისა და დანიელ ადიკაშვილის, ნატალია ბერიძისა და თამრიკო კორძაიას, რეზო კიკნაძისა და თორნიკე მარგველაშვილის კოლაბორაციები, ვაჟიკო ფრანგიშვილის მიერ ვარსკვლავური პროექციით გაფორმებული გუმბათის თანხლებით ბერლინის ყოფილ კრემატორიუმში გაიმართა.
TSA Records-ის ქველეიბლმა, TSA: in transmission ივენთის ლაივჩანაწერებს ახალი სიცოცხლე შესძინა და შვიდ ტრეკიანი, ორმოც წუთიანი ფირფიტა გამოსცა, რომლის პრეზენტაციას 23 აპრილს, 20:00 საათიდან მუტანტ რადიოს სივრცე დაეთმობა, სადაც ფირფიტაც ხელმისაწვდომი იქნება. შემდეგ კი ფიზიკურად გაიყიდება Morevi Records-ში, Pluto’s Records-სა და Vodkast-ში. ხოლო, საზღვრებს გარეთ მსურველთათვის 23 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით პლატფორმებზე Discogs.com და Bandcamp.com-ზე Pre-order-ი იმუშავებს.
მთელი ფირფიტა ერთი ამოსუნთქვით ისმინება და კულმინაციის თვალსაზრისითაც მკაფიოდ ხატავს საერთო სურათს, მიუხედავად იმისა, რომ სამივე კოლაბორაცია ერთმანეთისგან ხასიათით, ტემპითა თუ ფორმით განსხვავდება. ფირფიტა ერთიან ატმოსფეროს ინარჩუნებს და ინდივიდუალურ, განმასხვავებელ თვისებებს საერთო შუქის ქვეშ აქცევს.

Transmission I და VII, - ანუშკა ჩხეიძის თბილი, ემბიენთფერებითა და დანიელ ადიკაშვილის ჩატეხილი დრამის პარტიებით, იდეალური საწყისია ფირფიტის სამყაროში შეპატიჟებისთვის, შემდეგ კი, ენერგიული გამომშვიდობებისთვის. ანუშკა და დანიელი მიყვებიან, რომ ივენთის კონტექსტმა და ძველი კრემატორიუმის ატმოსფერომ მათ შესრულებაზე ძალიან იმოქმედა. ეს ენერგია ლაივშიც იგრძნობოდა და ჩანაწერიც სხვანაირად შეაფერადა, - ანუშკას 2021 წლის ალბომიდან (“Move 20-21”) შესრულებული “Move, Move”, კრემატორიუმის სივრცეში განსაკუთრებულად თბილად გაჟღერდა.
„აქამდეც ვუკრავდით ერთად ამავე მუსიკას, მაგრამ როცა გავიგეთ ივენთის კონტექსტი და რომ ბევრი იმპროვიზაციისა და ექსპერიმენტირების შესაძლებლობა იყო, ამან რაღაც ახალი გახსნა.” ანუშკა ჩხეიძე
ამგვარად, დანიელი და ანუშკა თანხმდებიან, რომ კარგად ნაცნობმა მუსიკალურმა მასალამაც კი ახალი ხასიათი შეიძინა, აუდიტორიის ყველა ენერგიულმა შეძახილმა და რეპლიკამ დამატებითი მუხტი შესძინა შესრულებას.

რეზო კიკნაძისა და თორნიკე მარგველაშვილის შესრულებული Transmission II, III და IV, ფირფიტის სხვა ტრეკებისგან განსხვავებულ, „ბნელ“ ambiance-სა და ჰიპნოზურ გამოცდილებას გვთავაზობს. ბნელს არა როგორც დაძაბულს, არამედ მიმზიდველს, გროტესკულსა და ტემბრულად დატვირთულს. რეზომ დამიდასტურა, რომ ეს შეგრძნება, Silent Green-ის ატმოსფეროდან გამომდინარე, შესრულებისას დაიბადა.
"მუსიკას ძველ კრემატორიუმში რომ ასრულებ, თავისთავად დაკვრისას ახალ აზრებსა და შეგრძნებებს ბადებს. ეს ფიქრები ხან გეხმარება, ხანაც პირიქით, გაბნევს, მაგრამ იმპროვიზაციის ხიბლიც სწორედ ესაა - მისცე ფიქრებს საშუალება, წინ გაგიძღვნენ."
რეზო კიკნაძე
რეზოსა და თორნიკეს კოლაბორაციაში წმინდად იმპროვიზაციული მიდგომა აქვთ:
„ამ უსაზღვრო არეულობაში მე თვითონაც არ ვიცი ხოლმე, რა შემემთხვევა. სწორედ ამ არცოდნაში იბადება ხოლმე ბევრი ემოციური, ესთეტიკური და ინტელექტუალური მომენტი.“
რეზო კიკნაძე

თორნიკეს სინთეზატორების მონოტონურ მუსიკალურ ფონზე მომღერალი საქსოფონი და Transmission III-ში სინთეზატორის მრავალფეროვანი ხასიათის არპეჯიოები მეტად არაპროგნოზირებად ბუნებას იძენს, შემდეგ კი, უბრუნდება ლაივსაქსოფონს, რომელიც ჩვენს ყურებამდე გზად რეზოს Max/MSP-ის (მუსიკის პროგრამირების ერთ-ერთი ენა) პატჩს გადის.
„ჩემთვის ორნაირად მუშაობს, ერთია, როცა რაღაცას ვაჟღერებ და შენ (მიმართავს რეზოს) ამაზე რეაგირებ, და მეორე, რუკა, რომელიც მომზადებული მაქვს შესაძლო კუნძულების სახით, სადაც შეიძლება თავი ამოვყო. დაკვრისას ეგ რუკა ხანდახან იკარგება. რეზოსთვის ეგ რუკა ხანდახან საერთოდ არც უნდა არსებობდეს, რაც მოხდება, მოხდება“,
თორნიკე მარგველაშვილი

ნატალი ბერიძისა და თამრიკო კორძაიას შესრულებული Transmission V და VI, ნატალის მუსიკისთვის დამახასიათებელი, ჰაეროვნად რიტმული ხაზებითა და თამრიკოს პრეპარირებული როიალის მრავალფეროვანი ტექსტურით, რიტუალს წააგავს, რომელიც ხასიათსა და ფორმას პერიოდულად იცვლის. თამრიკოსა და ნატალის აქამდეც არაერთხელ დაუკრავთ ერთად, ამჯერად კი, გადაწყვიტეს, მეტი იმპროვიზაციული ტექნიკისთვის მიემართათ.
„მე მქონდა ბევრი ტრეკის სკეტჩი, რომლებსაც მოვუსმინეთ, ვიფიქრეთ შესრულების დინამიკაზე, განმავლობაზე, მერე ამ მასალას თავი მოვუყარეთ, თამრიკოს შესრულება ამის ფონზე სულ იმპროვიზირებული იყო.“
ნატალი ბერიძე

იმპროვიზირების თავისუფალმა ბუნებამ მათ შესრულებაში განსაკუთრებულად გამოანათა. ბევრი რამ მათთვისაც ახალი იყო - როიალის სიმებზე გამობმული მაგნიტოფონის ლენტები და პრეპარირებისთვის განკუთვნილი სხვა მოწყობილობები; ლაივში დამუშავებული როიალი, რომელიც ეფექტების ჯაჭვს გადის, ელექტრონულ ხმებს ერწყმის და ახალ, მესამე ინსტრუმენტად იქცევა. მათი ერთობით კი ტექსტურებით სავსე მუსიკალური პეიზაჟი შეიქმნა.

In Transmission, როგორც ქართული ექსპერიმენტული მუსიკის საზღვრებს გარეთ გატანის იდეა, აწ უკვე სხვა სივრცეებში, სხვა დროსა და სხვა მსმენელთან განაგრძობს არსებობას. Silent Green-ის გუმბათის ქვეშ დაბადებული ეს მუსიკა კი ფირფიტაზე თითქოს ისევ იმ ატმოსფეროს კვალს ატარებს. სამი კოლაბორაცია, ერთი საღამო და მუსიკა, რომელიც ფირფიტის ფორმით საკუთარი მისიის შესრულებას განაგრძობს.

Photos:
Meri Giorgobiani
Edo Siegfridt
Recorded by Richard König & Kai Kirn
Mixed by mess_montage
Mastered by Giorgi Koridze
Artwork by Ketevan Barbakadze
პროექტის მხარდამჭერი თიბისი.


