
Denivarlevy - nela
ავტორი: გიორგი ნონიაშვილი >>
8 სექტემბერი, 2025 >>
5 წუთის წასაკითხი >>
53 ნახვა
გამოვიღვიძე, მოწყენილობისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. გამახსენდა, სესია მაქვს მოსამზადებელი. ღამით ვდიგავდი სემფლს, გავშტერდი, ფოლდერზე -დენივარლევი- იკითხება. ამ მოკლე ხანში მეიმდენე საქმე გამახსენდა და შევიხედე...
Denivarlevy, იგივე ლევან ოქროპირიძე - ახალგაზრდა რუსთაველი მუსიკოსია, რომელმაც საზოგადოების ყურადღება პროდიუსერობით დაიმსახურა. რამდენიმე დღის წინ, ლეიბლის - CES - მხარდაჭერით, ლევის ახალი EP, სახელწოდებით "ნელა" გამოიცა, რომელშიც არტისტი თავს ტრადიციულად არამხოლოდ პროდიუსერული უნარებით იწონებს, არამედ რეჩიტატივის კითხვის მისეულ მანერას და ხედვას გვაცნობს.

EP მინიატურულია. ის სულ 4 ჩანაწერისგან შედგება და მისი ხანგრძლივობა ჯამში 6 წუთია. 6 მომღიმარი წუთი. დენივარლევის პოზიტივი გადამდებია. მისი ხმის ტემბრი მუდამ ღიმილნარევია. რეჩიტატივის კითხვის მანერა - გულწრფელი, მოზლაზნული, ზარმაცი - თითქოს, შაბათ საღამოს გაჩილვის შემდეგ, მზიან კვირა დღეს, ბედნიერმა ჩვეულ, არეულ ოთახში გამოიღვიძე და მთქნარებით გუშინდელ ამბავს იხსენებ. ნამუშევარი ყოველწამიერ პროცესს ჰგავს. მისი ნებისმიერი ხელახალი მოსმენისას, გეფიქრება, რომ ის ახლა, ამ წამს, შენ თვალწინ იქმნება და შენ მისი თანამონაწილე ხარ.

EP-ისგამხსნელი და დასკვნითი კომპოზიციები, "I.Z.A." და "Dreamin' G" დენის ამერიკელი კოლეგის, MIKE-ის ხელწერას ბითის აგებულობით, მეტნაკლებად ჰევისემფლინგითაც და ასევე, კითხვის მანერით მოგაგონებთ. ლევის ემსინგზე, გადმოცემის უნარზე ჩვენ ამერიკულ ალტერნატივაში დამკვიდრებული ტერმინი - even don't try მახსენდება. თითქოს ის არც კი ცდილობს. და სწორედ ეს დამოკიდებულებაა იმ ორგანიკის მშობელი, რომელიც ქართულ რეალობაში ასე გვაკლია.
ჩანაწერის მოსმენისას, ავტორის სიტყვების სიმართლეში რწმუნდები - ის დიგავს სემფლს. აი, მაგალითად, კომპოზიცია "მელამაზებwav" გახსნისთანავე კუბურ ფოლკლორში გამოგზაურებს და ნელ-ნელა იწყებ ცეკვას. შემოდის ლევი და გაზარმაცებს, თუმცა მელოდია გაჟღენთილია, უკვე მოიწამლე და ხვდები, საქმე შესანიშნავ სინთეზთან გაქვს - ეს არტისტის საავტორო ხელწერაა. სინთეზი კი ერთადერთია, რითაც მუსიკოსის უნიკალურ ნიშას იჭერ. დედამიწის ამ მშვენიერი ცის ქვეშ არაფერი ახალი არ არსებობს - მხოლოდ სინთეზი.
ნათელია, რომ დენივარლევი - ლუფ დიგგა, სემფლების მოყვარული რომანტიკოსი და მეოცნებეა, რომელიც მუდამ საკუთარი სფოთის ძიებაშია. მინიშნებებს არტისტი ხან ფროდაქშენის გავლით ტოვებს, ხანაც ემსინგით პირდაპირ გვეუბნება და მეც ვიტყვი - მუსიკალურ გზაზე, მან საკუთარი სფოთი მომღიმარ წუთში იპოვა.
ავტორი : გიორგი ნონიაშვილი aka flawless. aka flawless.sense
ფოტოები: თამარი ჯაფარიძე, ელენე თამლიანი